prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

პროგრამული ლირიკა — ნინოწმინდის ღამე

გიორგი ლეონიძე · პოეზია

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...

გალავანში - ჯამი აქაფებული,

შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

საზანდარმა ღამე ააცახცახა,

ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,

ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია!

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;

ძუძუები ოქროს კალმახებია,

წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...

წინანდალის ვაზი აყვავებული,

ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,

აფრენილი ბაზიერის დაფითა,

დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...

ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი ლეონიძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.