აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;
მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული; იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო, ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა, (აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).
ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე, ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”
და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი? ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა! გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი… ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”
მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!.. ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე! მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს, და დამასო საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად, თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით! დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით, ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის! ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!