მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს...
მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა. და გულის-პასუხს ნარნარად უმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო!...
“ვერ ავიტანე ობლობა, სისხლის ცრემლები ვღვარეო; წამძლია სულმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო.
“წინ მომეგებენ ღიმილით შენი მზე, შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო, - ია და ვარდი დამჭკნარი ხელახლად გამიხარეო!...
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!...
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო... და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო!... ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!”