prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

აჩრდილი — თავი VII

ილია ჭავჭავაძე · პოეზია

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა, შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია, მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია. წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება, ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი... და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული. ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული, ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული, უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის, მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: other. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.