prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

მშობლიური ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე · პოეზია

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია... "დიდი ხანია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "დიდი ხანია!"

შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. "ამირანია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "ამირანია!"

ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია... "დაკარგულია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "დაკარგულია!"

გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... ფერების ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.

ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით და ცა ალუბლით სავსეა... კმარა, ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა.

სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!

შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. "ამირანია?" - კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "ამირანია!"

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გალაკტიონ ტაბიძე.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.