prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

შუშანიკის წამება — თავი XIII

იაკობ ხუცესი · ჰაგიოგრაფია

XIII. და მოიწია დღე იგი წოდებისა მისისაჲ და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს. ვითარცა მამასა და მამამძუძესა, შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე. და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას, ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტე მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“.

და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მასა ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა.

და მაშინღა ადრე-ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად მჩუარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთა. და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთაგან, და განბანეთ იგი მატლისა მისგან მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით.

და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე, იოვანე და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამე იგი გავათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა, და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა. რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა.

და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თუესა აპნისისასა, მერვესა თჳსასა, და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი - შემდგომად აღუსებისა ზატიკსა დღესა ორშაბათსა, და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თუესა ათცხრამეტსა და აღსრულებაჲ მისი - თუესა იკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანეთა.

და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — იაკობ ხუცესი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.