ჰე, განუსჯელნო, უმადლო შვილნო, საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო, სადღაც მიმალვით, რას ჰროტავთ, ჰკნავით, გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ? უკადრისობით და უმეცრებით ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს, მხოლოდ თქვენ სიტყვებთ თქვენვე ინანებთ, თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა! დრო მამებისა, მამაცობისა, წარვიდა მათთა სახელთა ქებით, მამანი თქვენნი, თავის დროს ძენი, თავის დროს იყვნენ სახელოვანნი! ოსმალ-სპარსები, დაღისტნის მთები, ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ! მათ დაიფარეს, სისხლით დაიცვეს სისხლ-შემოსილი მამული თვისი, და სასო ღვთისა, მცველი ერისა, ენა საყდარი, სარწმუნოება!.. დრო შეიცვალა, გამეფდა სწავლა, გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა! სწავლის მამები, პროფესორები, თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი, თქვენ გასწავებდენ და მზად გაძლევდენ რაც შეეძინათ საუკუნოებს!.. ჩვენც ვჰნუგეშობდით, გულით ვჰხარობდით, შვილი მამასა ემჯობინება! და მოგელოდით დიდის იმედით სიხარულისა ღელვით აღვსილნი! ვითმინოთ, მოვლენ, და გაგვინათენ ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს! ჩვენც მივეგებოთ მხიარულებით, ღირსთა შვილებთა კურთხევის სიტყვით!..
სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი
პასუხი შვილთა
კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.
ამ ტექსტზე ვარჯიში →ტექსტის შესახებ
ავტორი — გრიგოლ ორბელიანი.
საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.
წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა
თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.