prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გამზრდელი — თავი IV

აკაკი წერეთელი · პოეზია

– IV –

არც გვარით, არც ვაჟკაცობით,

არც სიმდიდრით, არც ქონებით,

ჰაჯი-უსუბ ცნობილია

მხოლოდ ჭკუით და გონებით.

ჭირში, ლხინში საზოგადოდ

უმისობა არ იქნება;

ხელის გულზე უწერია

თვით მაჰმადის წმინდა მცნება.

ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,

მნახველია ცა და ქვეყნის;

ჯერ ისევე ჭანმაკია,

თუმც არ არის კი მცირე ხნის.

ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, -

არ ტყუილი ქადილია;

სადაც კია გვარიშვილი,

ყველა მისი გაზრდილია.

საფარ-ბეგიც მან გაზარდა

ისე, როგორც სხვები ყველა,

მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა?

აი, სწორედ ამ უსუბთან

მიდის ახლა საფარ-ბეგი,

მორდუობის გამტეხი და

ჩვეულების გადამდეგი.

ეუბნება ყოველიფერს,

უნებურად რაც შეემთხვა;

ცრემლები სდის და ეჩრება

ბურთად ყელში მწარე სიტყვა.

ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,

სახე მოინაღვლიანა:

სიდიადე ამ მუხთლობის

თვალწინ გაისიგრძეგანა.

ოხვრით ჰკითხა: "მერე? მერე?

რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?"

- "მაპატივა შეცოდება,

როგორც ძმამ და მეგობარმა!...

მხოლოდ ეს-კი დამავალა:

ნახე შენი გამზრდელიო

და მაგ შენი საქციელის

პასუხს მისგან მოველიო!"

- "მესმის, მესმის და პასუხიც

ჩემი მხოლოდ ეს არიო,

რომ ნამუსის გასაწმენდად

ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!.."

შეაყენა ზედა ფეხზე

მან დამბაჩა გატენილი;

მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს

საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:

"შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!"

წარმოსთქვა და საფეთქელში

მიიჭედა ცხელი ტყვია!...

ჩაიკეცა სულთამბრძოლი,

წამლის კვამლში გაეხვია...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.