აწ გლოცავ თქუენ, ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა.
და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად სანაწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ — ყოველთაჲ. ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თანა.
რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით მჯულის-დებისაჲთა განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდაადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსცა მჯულ-დებულ ყოფილ არიან წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.
მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე — მძლავრებით, რომელნიმე — შეტყუვილით, რომელნიმე — სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე — მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვიეთმე ჩუენთაგანნი ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა.
ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი სარწმუნოებისაგან ჩუენისა, უცხოჲ უცხოთა მჯულითა მოვიდა და ქრისტჱსა, ღმერთისა ჩუენსა, შეემეცნა.
რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა. აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.